შსს-მ კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის Love გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო. მათი ცნობით, ფილმი პორნოგრაფიას მიეკუთვნება, რაც ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა. განცხადებაში ნათქვამია: “კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით (ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.) კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.
საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, “მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით.
გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს “love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა”, – წერია განცხადებაში.
გასპარ ნოეს ფილმი Love კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული. ის ასევე ბათუმის კინოფესტივალზე აჩვენეს.