„მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კოალიციაშია არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა.
“ნუ ნერვიულობთ, ძალიან კონკრეტული და ძალიან სწორი განცხადება გააკეთა პრემიერმა, დიპლომატიური. მან ძალიან კარგად იცის, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. შევხვდებით პოლიტსაბჭოზე. იქნება კამათი, ალბათ, და იქ გადაწყდება. ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ყველა საკითხში, რომელიც დავაყენეთ”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
პრემიერის განცხადება მოსწონს ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესაც. მისი თქმით, ნებისმიერი პრობლემის და კითხვის განხილვა, რომელიც წარმოიშვება, უნდა მოხდეს კოალიციის შიგნით და არა საჯაროდ.
„პრემიერმინისტრის განცხადების შინაარსი და მისი სულისკვეთება მთლიანად მიმართულია იქით, რომ კოალიციაში არსებული დაპირისპირება ამოიწუროს. ყველას მოუწოდა პრემიერმა საკუთრი პასუხისმგებლობების გააზრებისკენ,“ – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გააკრიტიკა. კვირიკაშვილი თანაგუნდელებს შესაძლო ცვლილებებსაც დაჰპირდა.