ქალაქი გორი შიდა ქართლისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან გაშენებულ ქალაქს ისტორიულად მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა საქართველოსთვის. მიუხედავად ამისა, ყველამ არ იცის რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია გორის ისტორია.
გორის ისტორია
გორი საქართველოს ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ქალაქის სახელწოდება დაკავშირებულია კლდოვან გორაკთან, რომელზეც გორის ცნობილი ციხესიმაგრე არის გაშენებული.
ისტორიული წყაროები გორის შესახებ
გორის შესახებ ისტორიული წყაროები ჯერ კიდევ მე-11 საუკუნით თარიღდება. ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი თავის თხზულებაში ყვება მე-7 საუკუნეში განვითარებულ მოვლენებზე და ქალაქ გორს მოიხსენიებს. გადმოცემის თანახმად, არჩილმა, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა, მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი განძი გორში დაფლა. ადგილს, სადაც განძი იყო დამალული, ,,ტონთიო”, ანუ ,,ოქროს მთა” ეწოდებოდა. სწორედ აქ გაშენდა გორის ციხესიმაგრე ძვ. წ. პირველ ათასწლეულში.
ქალაქი გორი მე-10 საუკუნის ამბებთან დაკავშირებითაც არის მოხსენიებული. ფსევდოშაპუჰ ბაგრატიონი თავის ისტორიულ თხზულებაში, ,,ისტორია”, მე-10 საუკუნის 70-იანი წლების მოვლენებზე წერს და ყვება აფხაზთა მეფე თეოდოს III-ს და სომხეთის მეფე სუმბატ II-ს შორის გამართულ ბრძოლაზე.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გორის დაარსება შეიძლება დავით აღმაშენებლის სახელთან იყოს დაკავშირებული მე-12 საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში ქალაქმა უფლის-ციხის ადგილი დაიკავა და სტრატეგიული ღირებულება მოიპოვა. შედეგად, გორი ქართლის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა. დავითის მიზანი გორის მოსახლეობის გაზრდა იყო, რისთვისაც მეფემ ვაჭარ-ხელოსნები ჩაასახლა ქალაქში.
არქეოლოგიური მასალები გორის შესახებ
ქალაქი გორი არქეოლოგებისთვის საინტერესო ადგილია გამოსაკვლევად, რასაც არქეოლოგიური მასალების სიმრავლე მოწმობს.
არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ძველი და ახალი ათასწლეულების მიჯნაზე დღევანდელი გორის ადგილას არსებობდა ქალაქის ტიპის დასახლება. აქ აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, რომელიც მტკვრის პირას იყო გაშენებული.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი კერამიკა ძვ. წ. მე-3 ათასწლეულის მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთით ჩამოწოლილმა მეწყერმა ანტიკური ხანის კულტურული ფენა გააშიშვლა. ფენის შესწავლის შედეგად არქეოლოგებმა მოიპოვეს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ალიზით ნაგები კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ანტიკური ხანის ფენები ძვ. წ. 1-ელი ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისით თარიღდება.
ამავე პერიოდის სამარხები ციხესიმაგრის აღმოსავლეთით აღმოაჩინეს. სამარხებში ნაპოვნ ნივთებს შორის არის თიხის ჭურჭელი, სამაჯურები. მძივები, მონეტები და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებო კი ქვის მრგვალი ქანდაკების თავია, რომლის აღმოსავლური იერი ანტიკურ ხანაზე მიანიშნებს.
გორის სტრატეგიული მნიშვნელობა
გორი მალევე გახდა სამეფო ქალაქი და სათავეში მეფის მოხელე, ქალაქის მოურავი ჩაუდგა. გორის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქალაქს ციხის გარდა ზღუდეც ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც ალაყაფის კარი იყო დატანებული, ხოლო ზღუდეს გარშემო თხრილი გაუყვებოდა.
გორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა, შესაბამისად, მისი დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკურ გაბატონებას ნიშნავდა. ეს უკანასკნელი დამპყრობლებისთვის დამატებით მოტივაციას ქმნიდა.
მე-13 საუკუნეში საქართველო თათარ-მონღოლების შემოტევების შედეგად ძალიან დასუსტდა. მდგომარეობით ისარგებლეს კავკასიის მთების გადაღმა მობინადრე ოსებმა და ქართლს შემოესივნენ. შემოსევის შედეგად, მომხდურებმა გორიც დაიკავეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს: ქალაქი დაარბიეს, გადაწვეს და ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. მონღოლთა დახმარებით ოსები კიდევ დიდ ხანს დარჩნენ ქართლში. მათი განდევნა საბოლოოდ გიორგი ბრწყინვალემ მოახერხა მე-14 საუკუნის 20-იან წლებში.
1477 წელს გორს დიდი ჯარით შემოესია აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი, რომელმაც გორთან ერთად თბილისიც აიღო, მაგრამ ორივე ქალაქი მოკლე დროში დატოვა. მალევე, 1479 წელს, კონსტანტინე II-მ საქართველოს სხვა ციხეების მსგავსად გორის ციხე-სიმაგრეც დაიბრუნა და იქ თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. მე-16 საუკუნეში გორი ჯერ სპარსეთის შაჰმა, თამაზ I-მა დაიკავა, ხოლო შემდეგ ოსმალები დამკვიდრდნენ ქალაქში. ოსმალები მეფე სიმონ I-მა განდევნა ქალაქიდან მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ.
გორის ციხის მნიშვნელობა მეფე როსტომმაც სწორად შეაფასა, ამიტომ მე-17 საუკუნის 30-იან წლებში განაახლა გორის ციხე და სასახლეც ახლოს აიშენა. მე-17 საუკუნის გორი საქართველოს სავაჭრო ქალაქებს შორის ერთ-ერთი მოწინავე იყო, რის შესახებაც ფრანგი მოგზაური ჟან შარდენიც მოგვითხრობს.
გორი და რევოლუციური მოძრაობა საქართველოში
1905-07 წლებში ქალაქი გორი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა რევოლუციური მოძრაობისთვის. გორში დღემდე არსებობს ამ პერიოდის ისტორიული მოვლენების კვალი. მაგალითად: 1905 წელის 27 თებერვლის მშრომელთა დემონსტრაცია, 2-3 მარტის გამოსვლები, პოლიტიკური მკვლელობები და გაფიცვები.
როგორც ვნახეთ, გორის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში აღიარებული და დაფასებულია. ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, ქალაქი მდიდარი კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის მატარებელიცაა.