ახალი ამბები მთავარი სამართალი

12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე – რის გამო მიენიჭა მომხდარს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია და რატომ აპირებენ ახლა მუხლის გადაკვალიფიცირებას

17 მარტს, გამთენიისას საქართველო შემზარავმა ამბავმა მოიცვა – 12 წლის მოზარდი ანი იანუშაიტიტე რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვნეს. ჩატარდა სამედიცინო და საგამოძიებო მოქმედებები და პროკურატურამ მომხდარს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ოჯახმა ცხედრის გაკვეთაზე უარი განაცხადა, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 109-ე მუხლი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, უნდა გადაკვალიფიცირდეს, რადგან გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია სახელდება, რაც, სავარაუდოდ, საკვებმა გამოიწვია. თუმცა, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე, დაზუსტებით არც ერთი ვერსია დასტურდება.

ოჯახის ცნობით, გოგონას ყელზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის კისრის მიდამოზე დაზიანება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ის სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. ჩნდება კითხვა – თუ სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, რატომ მიანიჭა მომხდარს გამოძიებამ 109-ე მუხლი?!

როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს, როცა საქმე არასრულწლოვანის გარდაცვალებას ეხება, რომელიც გაუკრვეველ გარემოებებში მოხდა, კანონით არის გათვალისწინებული, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე გამოძიება სწორედ 109-ე მუხლით მიმდინარეობდეს. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დაადგენს, რამ გამოიწვია სიკვდილი, გამოძიება დასკვნის შესაბამისი კვალიფიკაციით წარიმართება:

“როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება, მით უფრო ცხედარი იყო ბუჩქებში ნაპოვნი, გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი, კანონით არის გათვალისწინებული, რომ საქმე აღიძრას 109-ე მუხლით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შემდეგ ტარდება ექსპერტიზა და იქ გამოვლინდება, იყო თუ არა ძალადობის კვალი, ჰქონდა თუ არა ცხედარს სხეულზე დაზიანება. თუ ეს ნიშნები ვერ იქნა აღმოჩენილი, მუხლი, რა თქმა უნდა, გადაკვალიფიცირდება. რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელი და შემზარავი ფაქტი მოხდა, მით უფრო, რომ ბავშვს ეხება საქმე, ამიტომ, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდა ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიებისა, მომხდარის გარემოებები საკმაოდ ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს – რატომ არ ჰქონდა ცხედარს თან მობილური ტელეფონი, რომელიც გარდაცვალებამდე მოზარდს ხელში ეჭირა, რატომ იყო ეს ტელეფონი გამორთული, რის გამოც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ. რატომ იყო ცხედარი ბუჩქებში, რომელიც ეკალ-ბარდებით არის სავსე და რატომ უკავშირდება ასფიქსია მაინც და მაინც იმ მომენტს, როდესაც ბავშვი უკვე მარტო იმყოფებოდა (მანამდე ის დეიდაშვილთან ერთად სეირნობდა სკვერში).

ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შესაბამისად, მალე გაირკვევა, გადააკვალიფიცირებს თუ არა გამოძიება მომხდარისთვის მინიჭებულ 109-ე მუხლს.

იტვირთბა....