ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მამაოს ხმით ხმები ჩაესმოდა, რაღაც “საფრთხეს” გრძნობდა” – სასულიერო პირის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება

გიორგი ბედიაშვილის საქმეზე, რომელმაც სასულიერო პირი ტაძრის ეზოში დაჭრა, სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდებულს მამა ცოტნე თვარაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს. დანაშაულის მოტივი უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

“ბრალი გიორგი ბედიაშვილს, ოფიციალურად, გუშინ წარედგინა, 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. არ უარყოფს დანაშაულს, მაგრამ მოტივს ვერ ხსნის, რატომ ჩაიდინა. ჩემთვის ცნობილია და მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობასაც გადიოდა. დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ ნებაყოფლობითი მკურნალობის საშუალება მიეცეს და გირაოს პირობებში, თუ შესაძლებელი იქნება, რომ დარჩეს.

მამაოსთან, როგორც ამბობს, ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ შემდეგ, ამბობს, რომ მამაოს ხმით ხმები ჩაესმოდა და გრძნობდა, რომ “რაღაცა საფრთხე ემუქრებოდა”, – ამბობს ადვოკატი დალი ბარბაქაძე.

სასულიერო პირის ცოლის, ნათია თვარაძის ინფორმაციით, დაჭრილი მღვდელი ახლა კონტაქტურია, თუმცა თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

“მეც დავდივარ იმ ტაძარში, მეც მრევლი ვარ, ეს კაცი არასოდეს მინახავს, მრევლი არ არის, უბრალოდ, შეიძლება იცნობდა, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა ამ ადამიანთან,” – ამბობს თვარაძე.

სასულიერო პირი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.

იტვირთბა....