ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა თინა ხიდაშელმა?

 

ვინ დატოვებს კოალიცია “ქართულ ოცნებას”? პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვამდე აღნიშნული საკითხი ქართულ პოლიტსივრცეში ყველაზე აქტუალური იქნება. “მეტრონომთან” საუბარში კოალიციის ერთ-ერთი წევრი ზაზა პაპუაშვილი თავს იკავებს წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან.

როგორც ჩანს პოლიტსაბჭოს სხდომამდე ტაიმაუტი არამხოლოდ “მრეწველებმა” და “რესპუბლიკელებმა” აიღეს, არამედ “ქართული ოცნების” წევრებმაც.

“ვფიქრობ ორივე მხარემ ეს თემა დახურა და არანაირ განცხადებას აღარ აკეთებენ. მე არ ვთვლი საჭიროდ დამატებითი განმარტებების გაკეთებას. ვიცი, რომ ორივე მხარემ ეს თემა დახურა და მოაგვარა. ასე რომ, არ ვთვლი საჭირო ამ თემაზე გავაკეთო რამე განმარტება. რაც შეეხება იმას, რომ რაღაც საშიში და გამოუსწორებელი ხდება კოალიციაში, ასეთ რაღაცას ადგილი არ აქვს. რაც შეეხება სიებს, ამ დროისთვის სიებზე საუბარი არ არის. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა კოალიციაში, ამ საკითხზე წინასწარ კის, ან არას არ ვამბობ. საქმეს როგორც დაჭირდება და როგორც საქმე მოითხოვს ისე იქნება. მე პრობლემად ვერ გადავიქცევი და ჩემი ულტიმატუმებით არც შემიწუხებია და არც არავის შევაწუხებ”. – აცხადებს პაპუაშვილი.

უნდა დაეტოვებინა თუ არა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც ის არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს, პაპუაშვილის შეფასება აქაც ფრთხილი და ზომიერია. პარლამენტარი მიიჩნევს, რომ სხვის გადაწყვეტილებებზე ვერაფერს იტყვის.

“მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, არ მაქვს ამის უფლება. რაც შეეხება კოალიციის დატოვება არ დატოვების საკითხს. ეს გარკვეულ სუბიექტებზე და მათ მიერ გაკეთებულ საქმეზეა დამოკიდებული. თუ ზოგადად შეუთავსებლობა იქნება, მაშინ მე პირადად დავტოვებდი კოალიციას, თუმცა სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ჯერჯერობით ვიღაცის შემოსვლა, გასვლა-დამატება არ იგეგმება”. – ამბობს პაპუაშვილი.

კოლეგისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური შეფასებებში საკმაოდ ხისტია. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ გასვლის შემთხვევაში მმართველმა გუნდმა შესაძლოა, საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგოს.

იმ ფონზე, როცა კოალიცია “ქართული ოცნება” გასულ წელს “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს, შესაძლოა მართლაც არსებობდეს საფრთხე იმის, რომ მმართველ ძალას “რესპუბლიკელთა” წამოსვლის შემთხვევაში დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწიოს დეკლარირებულ კურსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა კოალიციის გარკვეული წევრები ღიად პრორუსული და “გაურკვეველი ორიენტაციის” ძალები არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....