ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა “სარფის” გამშვებ პუნქტში 33,628 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
როგორც ირკვევა, “სარფის” გამშვებ პუნქტში ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ორი პირი გაჩხრიკეს. მებაჟე ოფიცრებმა საერთო ჯამში 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.