ბლოგები საზოგადოება

ძროხა, ღორი, ცხვარი – ხაშლამა, მწვადი, ჩაქაფული (?)

დღეს მინდა ხორცზე გესაუბროთ… ხორცზე – შემწვარზე და მოხარშულზე, ჩახრაკულზე და ჩაშუშულზე, ტაფაზე შეგდებულზე და შამფურზე აცმულზე, ფარშირებულზე და ნაჭრებად დაქუცმაცებულ-დაკეპილზე, გაძეხვებულზე და გაკუპატებულზე… ერთი სიტყვით – საჭმელ ხორცზე. ძროხის, ღორის, ცხვრის და ასე შემდეგ “სამზარეულო-საკულინარო” დანიშნულების ხორცზე.

ადამიანი ხორცს ოდითგანვე მიირთმევდა. უფრო სწორად ხორცი იყო ადამიანის პირველი ძირითადი საკვები და დღემდე მისი რაციონის ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენლად რჩება.
თავდაპირველად, თუ ხორცის დევნა იყო საჭირო, რათა შიმშილისაგან მოწყენილ ჰუმანოიდს საკუთარი თავი და ასევე შიმშილისაგან მოწყენილი თანატომელი ჰუმანოიდები დაენაყრებინა, მოგვიანებით მან ერთი მძიმედ დაჭრილი ცხოველი, რომელიც იმ წუთისთვის უბრალოდ ზედმეტ ხორცს წარმოადგენდა, იქვე, შორიახლო, ოსტატურად შემოღობილ ტერიტორიაზე დაამწყვდია და მასზე დაკვირვება დაიწყო. გამოჯანმრთელებული და ფეხზე დამდგარი ცხოველი ტყვეობიდან თავის დაღწევას რასაკვირველია ძალისხმევას არ აკლებდა, თუმცა, არც ჰუმანოიდი იჯდა გულზე ხელდაკრეფილი და ისიც შესაშური გულმოდგინებით აღკვეთდა ხოლმე სულელი პირუტყვის გარჯას.
ისე დაემთხვა, რომ იმ უახლოესი ორი მთვარის განმავლობაში ჩვენ ჰუმანოიდს ნადირობაში მეტად გაუმართლა. შესაბამისად, და დანიშნულებისამებრ, ვერც “ოჯახის ახალი წევრისთვის” მოიცალა, რომელიც დღითი დღე სულ უფრო და უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდებოდა გაქცევაზე ფიქრს. ერთხელაც გამოქვაბულის ბნელ, მაგრამ თბილ კუთხეში მონებივრე ჰუმანოიდების წყვილს გონება გაუნათდა (სავარაუდოდ ეს გონების პირველი გამონათება იყო). ოჯახის უფროსმა დილიდანვე დაიწყო ცხოველისთვის მეწყვილის ძებნა და ჰოი, საოცრებავ! – ბედმა ფაქტობრივად იმავე დღეს გაუმართლა… იმ ღამეს ჰუმანოიდებიც და ცხოველებიც კმაყოფილებისგან ქშენდნენ და გმინავდნენ.
მეზობლობაში რასაკვირველია ხმა დაირხა ზეზვასა და მზიას ცხოვრების ახლებურ სტილზე… ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. უმრავლესობა, მათ ამგვარ უცნაურ “ჰობის”, რა თქმა უნდა სკეპტიკურად უყურებდა… თუმცა ტომის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილმა უმალ შენიშნა (უფრო იყნოსა) იდეის დადებითი მხარეები და… და დაიძრა და დაიძრა. უკვე ოცდაოთხი მთვარის თავზე არე-მარე აკლებული ჰყავდა სხვადასხვა ჯიშისა და წარმომავლობის ცხოველთა ყაყანს. მრავლდებოდნენ ჰუმანოიდები და მრავლდებოდნენ ცხოველებიც. ზეზვამ, როგორც მსოფლიო მესაქონლეობის პატრიარქმა და უბრალოდ დაკვირვებულმა კაცმა, ერთხელ შენიშნა, თუ როგორ გამალებით სწოვს პატარა ცხოველი დიდი ცხოველის ჯიქანს და ნეტარებისგან თვალებსაც კი ლულავს… იმავე ღამით და მზიასგან მალულად, ზეზვა შემოღობილს გადაევლო და ცხოველს მოხერხებულად ქვეშ შეუჩოჩდა… იმან, რაც ამის მერე მოხდა მზია შოკში ჩააგდო… ზეზვამ მას, მცირე სათლით, პირველი რძის ნაწარმი, კონკრეტულად კი რძე უძღვნა და პირობა ჩამოართვა, რომ არსად, არავისთან და არაფრისდიდებით არ გაამხელდა საიდუმლოს. ნუ, თავად მიმიხვდებით, თუ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები… უკვე შემდეგი მთვარის ბოლოს, მდინარის დასახლებაში, პირველ არაჟანს გაესინჯა გემო. რაღაც პერიოდის შემდეგ, წარუმატებელი ნადირობის და გამო, პირველი შინაური ცხოველი დაიკლა და შეიჭამა… კიდევ რაღაცა პერიოდის შემდეგ მავანს უბრალოდ დაეზარა ტყე-ღრეში სანადიროდ ხეტიალი, ხედავდა რა მის თვალწინ, სახლის პირობებში მოსეირნე ნადავლს.
ასე და ამგვარად… პირველი ნიკორების და პირველი შვინდების დასაბამიც სწორედ აქ უნდა ვეძიოთ. ისტორიკოსები, ისევე როგორც მეცხოველეები, ფერმერები, აგრარიკოსები, აგრონომები და მებაღე-მებაღჩეები, ამ ხანას მესაქონლეობის გარიჟრაჟად მოიხსენიებენ.

“ჩვევა ზნეზე უარესიაო!” – გვეუბნება ქართული ანდაზა და ყველაფერს, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მხოლოდ მისგან გამომდინარეობს.

რამდენად გამართლებულია ცხოველის მოკვდინება და მისი შესანსვლა?! ცხოველის, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოკლებულია გონების იმ პარამეტრებს, რომლებიც ფიქრზე, განსჯაზე, ანალიზზეა პასუხისმგებელი, მაინც განაგებს ცნობიერებისგან გამომდინარე უამრავ სხვა ასპექტს. ცხოველი ეჩვევა, ცხოველს სტკივა, ცხოველი გაუაზრებლად, ინსტინქტურად, მაგრამ გაურბის სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეებს, ზრუნავს შთამომავლობაზე, მეტყველებს… მართალია დაუნაწევრებლად და ცნებათა სისტემის გარეშე მეტყველებს, მაგრამ განწყობას ერთმნიშვნელოვნად გამოთქვამს, განწყობას ამბობს. რამდენად გამართლებულია ცხოველის მოკვლა, რომელიც მისი მოკვდინების პროცესში ყველაზე მკაფიო და გასაგები ენით გაჰყვირის: “არ მომკლა!”
ზემოთნახსენებ ცნობიერებას განაგებს მცენარეც, დავუშვათ ნაძვი; ცნობიერებას განაგებს თევზიც, დავუშვათ ქაშაყი; ფრინველიც, დავუშვათ ქათამი… და როცა ვამბობთ – ცნობიერებას განაგებს-თქო, იგივე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ – ცნობიერება განაგებს… ისევე როგორც ჩვენ, ადამიანები, განვაგებთ ცნობიერებას, თუმცა იგივე წარმატებით შეგვიძლია პირიქითაც ვთქვათ. გავაგრძელოთ… ნაძვის ცნობიერება, შეიძლება ითქვას, რომ სუფთა ცნობიერებაა! მცენარე შეიძლება ითქვას, რომ შერწყმულია იმ საერთო ცნობიერებას, საიდანაც ყველაფერი ცოცხალი გამოედინება და ამდენად მისი მოკვდინება შეიძლება ზიანს აყენებდეს ლანდშაფტს, გარემოს (ვიცით რატომაც აყენებს ზიანს), ყველაფერს ცოცხალს, მაგრამ თვითონ ნაძვი მის მიმართ ასეთ აგრესორულ დამოკიდებულებას “გულგრილად” ეკიდება… გულგრილად ეკიდება, რამეთუ ის სუფთა ცნობიერებაა და მასში არ მოიაზრება წუხილი, ტკივილი… უფრო სწორად ის თავისში არ მოიაზრებს წუხილს, ტკივილს… არ მოიაზრებს შიშს! ქაშაყიც რასაკვირველია ცნობიერებით უფროა საზღვრული და მართული, ვიდრე რაიმე სახის გონებრივი აქტივობით და ამდენად მისი მოკვდინებაც მისთვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად აღიქმება. ქათამი ამ და ასეთ შემთხვევაში ხშირად საკუთარი სიცოცხლის გაგულისებულ მცველად გვევლინება და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ სურს ის, რასაც ნუცა ძალო ეზოში უპირებს… ანუ ის ნეიტრალური ვერ რჩება იმ ქმედებების მიმართ, რომლებმაც მისი მოკვდინება უნდა გამოიწვიოს. ძუძუმწოვრებზე ზემოთ მოგახსენეთ… ისინი აპროტესტებენ, ტირიან, ყვირიან, ბღავიან… გვთხოვენ რომ არ მოვკლათ…
გაუანალიზებელ და აზრად ჩამოუყალიბებელ დონეზე მათი ყველაზე დიდი სურვილი, ყველაზე დიდი წყურვილი, სიცოცხლის იმ ციკლის გავლაა, რომელიც დაბადებასაც, გაზრდასაც, შთამომავლობის დატოვებასაც და დაჩაჩანაკებასაც გულისხმობს… ისინი, ისევე როგორც ჩვენ, არ ითვალისწინებენ მათი სიცოცხლის ხელოვნურად და ძალისმიერად ხელყოფას და ამდენად მათი მოკვდინებაც მათთვის ისეთივე მოულოდნელობა და ესე იგი მკვლელობაა, როგორიც ადამიანის მიერ ადამიანის მკვლელობა!
ადამიანი განვითარების კიბის იმ საფეხურზე შემდგარია უკვე, რომ ამას ნათლად ხედავდეს და აანალიზებდეს. ცხოველს, რომელსაც სიცოცხლე უნდა და შენ ხედავ, რომ მას სიცოცხლე უნდა, შენ კუჭში არ უნდა ხვდებოდეს… კანიბალიზმს ეს ცოტა რამით თუ ჩამოუვარდება… კერძოდ მხოლოდ იმით, რომ შენი სახეობის წარმომადგენელს არ ჭამ, თორემ მე პირადად ვხედავ რა ადამიანს, რომელსაც ხაშლამის ნაჭერი უკავია ხელში და კბილს გაჰკრავს-გამოჰკრავს, მის სახეზე ავტომატურად სხვადასხვა შეფერილობის საღებავებსაც ვხედავ ხოლმე.
ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იჭმეოდეს, როცა მას სუფთა ცნობიერება განაგებს… ასეთი კი, მეთუ მკითხავთ, მხოლოდ წყლის ცხოველია, თევზია ასეთი მხოლოდ და ისიც ყველა არა.
სასაცილოა მოსაზრება თითქოს ძროხები, ღორები და ცხვრები მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ ჩვენს, ადამიანების არსებობას შეუწყონ ხელი… უწყობენ კიდეც!.. ჩამოთვლას აღარ მოვყვები რა ფორმებითა და რა პროდუქტით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უწყობენ. ხორცი ზედმეტი ხარკია, რომელიც ჩვენ მათ დავაკისრეთ… ზედმეტი და გაუმართლებელი! ისინი არსებობენ იმიტომ, რომ მოევლინნენ… მოევლინნენ იმიტომ, რომ გაიზარდონ… უნდა გაიზარდონ იმიტომ, რომ შთამომავლობა დატოვონ და შთამომავლობაც იმიტომ უნდა დატოვონ, რომ მათაც იგივე გაიმეორონ… ამ ციკლში ყასაბის დანა ნაგულისხმები არ არის და როცა იყო, მაშინ განვითარების კიბეზე ადამიანიც შესაბამის საფეხურზე იდგა. ხორცის ჭამა ჩვევაა, რომელიც უნდა მოვიშალოთ… ერთ-ერთი ყველაზე უშნო ჩვევა, რომელიც კი ადამიანს შემორჩა და რომელსაც აქა-იქ და დიდი ძალისხმევით ადამიანები საბედნიეროდ ძლევენ.
ის ცილები, რაც ხორცში ყველაზე ფასეულად ითვლება, სხვა პროდუქტშიც უხვად არის და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გამაუმჯობესებელ ფაქტორად და არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება. ჭამეთ სოკო, ჭამეთ თევზი… ჯანდაბას ის მწყერიც და ქათამიც ჭამეთ, მაგრამ მაღლა საფეხურზე მდგომ არსებებს, არსებებს, რომლებიც თვალებიდან კი არ იჭყიტებიან, იმზირებიან, ზეზვას სამეზობლოს ხერხებითა და მოტივებით ნუ გაგლეჯთ და ნუ შესანსლავთ.

 

იტვირთბა....