ქართველ-ამერიკელი ექიმები შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მიმართავენ.
როგორც ექიმების წერილშია ნათქვამი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აშშ-ში უნდა გადაიყვანონ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად და ობიექტურად შეფასდეს.
“როგორც ქართველი ექიმები, რომლებიც ამერიკის მრავალ ჰოსპიტალში და ამბულატორიულ ცენტრში ვმუშაობთ და ამ დიდებულ ქვეყანას ჩვენ სახლს ვუწოდებთ, ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუმსახურებლად ავ მოპყრობას განიცდის. მიტოვებულია განსაცდელში და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე. ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. მას განუვითარდა მკვეთრი წონაში კლება, დაბალი წნევა, ნეიროპათია, სინკოპე და გადაადგილების უნარის პრობლემები. არის იმაზე საუბარი, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ მოწამლეს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ჯანმრთელობის შელახვა ან გაუარესება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს და მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვიზუალური ინფორმაციის მის დაუკითხავად გამოქვეყნება არის ადამიანური უფლებების დარღვევა.
სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რომ პატარა ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, ჰქონდეთ პროგრესის იმედი და ეს იმედი გაუფერულდება თუ ბატონი სააკაშვილი არ გადარჩა. მისი პატიმრობაში სიკვდილის შედეგი დამღუპველი იქნება, რადგან ეს გაანადგურებს საქართველოს დემოკრატიული მომავლის იმედს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გაათამამებს პუტინის ამბიციებს”, – ნათქვამია აშშ-ში მოღვაწე ექიმების წერილში.
***
7 თვის შემდეგ პირველად, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. პროცესზე მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავდნენ.
ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება.
მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია ითხოვდა, რომ ის სასამართლო პროცესს დაასწრონ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მას ამის უფლება არ მისცეს. ვივამედის ექიმები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის პროცესს ფიზიკურად დაესწროს. 14 დეკემბერს კი, როდესაც დაცვის მხარემ დისტანციური დასწრების უზრუნველყოფა მოითხოვა, პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ტექნიკურად ვერ ვერ, რის გამოც პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ – 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა”.