ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9,8 პროცენტით არის გაზრდილი. წელს ივლის-სექტემბერში მშპ 19 284,3 მლნ ლარი იყო, გასულ წელს კი – 16 068,1 მლნ ლარი.

2022 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდაზე გავლენა მოახდინეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74,9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (29 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8,8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34,7 პროცენტი), მშენებლობა (9,1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,5 პროცენტი).

ამავე პერიოდში კლება იყო შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-14,3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6,3 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5,7 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებითვე, ნოემბერში წლიური ინფლაცია 10,4 პროცენტი იყო. ყოველწლიურ ინფლაციაზე გავლენა მოახდინა ფასის ზრდამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (16,8%); საცხოვრებლისა და კომუნალურ ხარჯებზე (15,4%) და ტრანსპორტზე (8,2%).

იტვირთბა....