ტელეკომპანია „იმედის” ოპერატორის ქმედებაზე არხის მხრიდან რეაგირებას მოითხოვს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”.
„2022 წლის 14 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს, ტელეკომპანია „იმედის” ოპერატორმა ხელი ჰკრა. ჩართვის დასრულების შემდეგ კი, „მთავარის” ჟურნალისტის შენიშვნას “იმედის” ოპერატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფითა და გინებით უპასუხა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალ ჟურნალისტს შეურაცხყოფა კაცმა ოპერატორმა მიაყენა, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ამ ქმედებას გენდერული საფუძველიც”, – ვკითხულობთ „ქარტიის” განცხადებაში.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭო აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და ოპერატორის ქმედებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება ტელეკომპანია „იმედის” მხრიდან.
„იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტური საქმიანობის დროს ხდება წინაღობის შექმნა სხვა მედიის წარმომადგენლის მხრიდან, მნიშვნელოვანია მითითება მოხდეს ეთიკური ნორმების დაცვით. ძალადობა დაუშვებელია”, – ამბობს „ეთიკის ქარტია”.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ არხის ხელმძღვანელობამ ფაქტი დაგმო.
ტელეკომპანია „იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჩიხლაძემ „ფეისბუკის” პირად გვერდზე დაწერა: „კადრები, რომელიც ვიხილე არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არცერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად ვერ წაახალისებს ვერავინ. ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს”.
ბოდიში მოიხადა „იმედის” ოპერატორმა გიორგი წეველიძემ. „პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ”, – დაწერა ოპერატორმა „ფეისბუკის” პირად გვერდზე.