მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღეიდან მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მხოლოდ იმ საკვებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ.
ხაჭაპურიძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას:
“მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას დათანხმდა. გარდა ამისა, გამოაცხადა, რომ დღეიდან პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც შეუტანენ ოჯახის წევრები ან ადვოკატი. სისტემას შეუძლია დახედოს, შეამოწმოს და ეს უნდა მოხდეს მისი ოჯახის მეთვალყურეობის ქვეშ. მან დაასახელა რამდენიმე ექთანი, რომელსაც ენდობა. ვთქვათ, თუ დედამისს არ შეატანინეს საკვები, რამდენიმე ექთანზეა საუბარი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკვების შეტანა. მიზეზი არის ის, რაც გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იგი იძულებულია მიმართოს ამ ზომებს. ჩვენ ვაცნობეთ ამის შესახებ საბადრაგო სამსახურს და ისინი თავის ხელმძღვანელობას აცნობებენ და ამ საკითხებში გაარკვევენ” – განაცხადა ხაჭაპურიძემ “ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ.
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პალატაში წევს და მას საკვები დილიდან არ მიუღია და რთულ მდგომარეობაშია – “აშკარად ეტყობა, რომ არის ნანერვიულები, ისევ 38 აქვს სიცხე და არასტაბილური წნევა, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს პენიტენციურის მიერ, კადრების გასაჯაროების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციურის წინააღმდეგ, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ექიმ დევიდ ე. სმითის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებას – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტში გუშინ მიიღეს.