ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეშინია, რამე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში – წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “აბსოლუტურად არასერიოზულია”.

ის ირონიულად გამოეხმაურა შიმშილობის დაწყებასაც და თქვა, რომ “სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა” იყო. კულტურის მინისტრის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

“ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა. ზოგიერთ მათგანს კვირების და თვეების მანძილზე უშიმშილია, ზოგჯერ იყო მშრალი შიმშილობა, ზოგჯერ არა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, აწუხებთ ის, რომ თავად პატიმარმა დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ თავს, მისცეს ხელისუფლებას საშუალება, რომ იმ ნაბიჯებმა, რასაც დგამენ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო, მოიტანოს მაქსიმალურად სასიკეთო შედეგი.

“ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი”, – თქვა წულუკიანმა. მისი აზრით, დაზარალებულებს სჭირდებათ, რომ დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი სრულად.

იტვირთბა....