ამ წუთებში კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.
“რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული ერთი მხრივ იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან და მეორეს მხრივ პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა მოიტყუა პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, თითქოს, რომ რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეო ჩართვას, როგორც ჩანს, გამიზნული იყო, რომ პროცესი რამენაირად ჩაშლილიყო და საღამოს ეს კადრები გავრცელებულიყო. მოუწევთ სააკაშვილის მაინც ჩართვა და რაღაცნაირად უნდა შეანელონ ეფექტი, რასაც საზოგადოება დაინახავს”,- თქვა ხაჭაპურიძემ .
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ტყუილი თქვა და სასამართლო შეცდომაში შეიყვანა, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის ჩართვის მცდელობაც არ ჰქონიათ.
“კადრები დასტურია იმისა რასაც თვეებია ვიძახით, აქ არის აღწერილი 4 ოქტომბრის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე და პროკურორები შედიოდნენ სააკაშვილთან, შეიქნა ცუდად, ჰქონდა შეტევა და გონების კარგვის ეპიზოდი. მეორე – როდესაც ბატონი ლახანი ადიოდა თმის ნიმუშის ასაღებად და ეს 4 ოქტომბრის ეპიზოდი იყო და დანარჩენი როგორ გადაადგილდება სააკაშვილი და რით თავად აჩვენეს. მე გეტყვით სააკაშვილი ვისაც არ უყვარდა. გუშინ იმდენმა ადამიანმა მომწერა, მის მიმართ თანაგრძნობა გამოიწვიეს. კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს კადრები არის იმის დამადასტურებელი რაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, გონებას კარგავს, ძირს ეცემა და ა.შ. მე სულ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრის აზრებს ახსნა მოვუძებნო. მათ მიზანი ჰქონდათ, რომ საზოგადოებისთვის ჩვენების წინ ეჩვენებინათ, რომ ეჩვენებინათ, რომ სააკაშვილი ვითომ სიმულანტობს, მაგრამ სად არის იქ სიმულანტობა? კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. იუსტიციის მინისტრი, რომ კანონს ასე არღვევს და მუშაობს ამ მეთოდით, თუ ამას მუშაობა ჰქვია. პირდაპირ ეთერში ჩაიდინა დანაშაული, თან იჯდა, თან კადრებს განიხილავდა კარგი ბუნების კადრებივით. სააკაშვილს ვნახავ, გადავაგზავნი მოთხოვნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით: პენიტენციურ სამსახურზე, და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ”,- აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები, რომელიც 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ახსნა. მიზეზები იუსტიციის მინისტრმა “იმედის” ეთერშიც განმარტა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოების “სწორად ინფორმირება” იყო.