„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის დრევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად აზიანებს სააკაშვილის ჯანმრთელობას.
„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ სულ მცირე გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები“ , – განაცხადა მელიამ.
ის ასევე შეეხო ოპოზიციისაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვება-არდატოვებასთან დაკავშირებით იმის მიხედვით, თუ რა განაჩენს გამოუტანს სასამართლო მიხეილ სააკაშვილს.
„მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, – თქვა მელიამ.