ახალი ამბები

სააკაშვილი სიკვდილის პირასაა -ექსკლუზიური ინტერვიუ მესამე პრეზიდენტის ამერიკელ ტოქსიკოლოგთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტოქსიკოლოგიური ანალიზის ავტორი დევიდ სმიტი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, რადგან მის ორგანიზმს ტოქსინები ჭამს.

მაღალი რეპუტაციის მქონე ამერიკელი მედიკოსის თქმით, თუ სწრაფი დეტოქსი არ მოხდება, შესაძლოა დადგეს სიკვდილი.

„ის სიკვდილის პირასაა, ტოქსინები მის ორგანიზმს ისევ ჭამს, ამიტომ საჭიროა მისი გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც იციან როგორ აწარმოონ დეტოქსიკაცია იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც ქელატაციური თერაპია ჰქვია და მძიმე მეტალების მოსაშორებლად გამოიყენება“.

ექიმი სმიტი ამბობს, რომ მის კომპეტენციას სცდება იმის განსაზღვრა, გამიზნულად მოხვდა სააკაშვილის ორგანიზმში მეტალები თუ არა.

პრეზიდენტის ტოქსიკოლოგიური ანალიზის ავტორის თქმით, დიაგნოზი რთულია, სწორედ ამიტომ მედიკოსი ვარაუდობს, რომ ქართველმა ექიმებმა მოწამვლა დროულად ვერ ამოიცნეს.

„ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ვფიქრობ, რომ ექიმებმა მეტალით მოწამვლა ვერ ამოიცნეს და გამოუწერეს წამლების მთელი სერია, რომელთა ნაწილსაც საპირისპირო ეფექტი ჰქონდა. მათ არ ცოდნენ რა მოხდებოდა. მძიმე მეტალებით მოწამვლა რთული დიაგნოზია“.

სმიტი აცხადებს, რომ არ ჰგონია, რომ ექიმებმა სააკაშვილის მდგომარეობა შეგნებულად გაართულეს. განზრახ მოწამვლის ვერსიას არც მიხელ სააკაშვილი ეთანხმება.

ექიმი ამბობს, რომ დროს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„ის ჯანმრთელი იყო, როდესაც დააკავეს და ახლა ჯანმრთელი არაა. ის უნდა მოშორდეს ბინძურ გარემოს და უნდა შეფასდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დროს ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის ძალიან ავადაა. ჩემი აზრით, ტოქსინები განაგრძობენ მისი ორგანიზმის ჭამას. ასევე ხელახლა შესაფასებელია ყველა მედიკამენტი, რომელსაც ის იღებს.

ვფიქრობ, რომ ექიმებმა უბრალოდ არ იცოდნენ რა ხდებოდა. წამლების მთელი სერიიდან ზოგიერთმა მათგანმა რეალურად სიტუაცია გააუარესა, თუმცა, არ მგონია, რომ ისინი განზრახ ცდილობდნენ სიტუაციიის გაუარესებას. ეს ჩემი აზრია“.– ამბობს დევიდ სმიტი.

მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან და ექიმ სმიტის ანგარიშთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმისთვის“ მოწოდებულ წერილობით განცხადებაში იუსტიციის სამინისტრო ამბპბს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მათ შესთავაზეს მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი თქვა.

მოგვიანებით კი, სპეციალური გამოძიების ფარგლებში, მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა ამ ექსპერტიზის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

იტვირთბა....