მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გავრცელებული ფოტოები აგვისტოშია გადაღებული და იმის შემდეგ, მას კიდევ 10-15 კილო აქვს დაკლებული.
როგორც შალვა ხაჭაპურიძე აღნიშნავს, მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდგომ გაუარესდა.
“გავრცელებული ფოტოები გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში კლინიკა ვივა მედში. ახლა რა ფოტოც ჩანს, იქაც ჩანს მისი სიტუაცია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით ეს მოხდა 4 ოქტომბრის შემდგომ და ამ ფოტოსურათებიდან დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, დაახლოებით 10-15 კილო აქვს კიდევ მოკლებული. ეს გადაღებულია შვეიცარიელი გაეროს ექსპერტის მიერ, მე როგორც მახსოვს. ბუნებრივია, ჩვენ ახლა შევეცდებით, რომ სასამართლო პროცესზე იქნეს, თუ მოყვანილი არა, დისტანციურად ჩართული მაინც და საზოგადოება დაინახავს, დინამიკაში როგორი იყო სააკაშვილი აგვისტოს თვეში და როგორია დღეის მდგომარეობით”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “ფორმულამ” გავრცელა კლინიკა “ვივა მედში” გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება. “შაბათის ფორმულამ” პირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფოტოები ერთი თვის წინ არის გადაღებული, მოგვიანებით შეასწორა და დამადასტურებელი ფაქტი, სურათების გადაღების თარიღი გამოაქვეყნა.
ექიმები, ადვოკატები და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.
სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.