მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას დრო დასჭირდება და პროცესი სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება.
„მოგეხსენებათ, ხვალ არის სასამართლო სხდომა დანიშნული. ეს არის პირველი სხდომა. ამიტომ ადვოკატებს საბოლოოდ შემაჯამებელი კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ახლახან მოვრჩი მონაწილეობას ამ კონსულტაციაში და მოვედი „ვივამედში“, რათა ინფორმაცია გადავცე სააკაშვილს, რაზე შევთანხმდით ადვოკატები. პოლიტიკოსების საკითხი ჯერ არ გაგვივლია, მაგრამ ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, რადგან არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ რა მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, ისე მტკიცებულება დასაშვებად არ ითვლება. ამიტომ ვინც არ უნდა მოინდომოს, რომ ჩავხსნათ ექსპერტები, ეს არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. რაც შეეხება ისეთ მოწმეებს, რომლებიც არ არიან ავთენტურობასთან დაკავშირებული, ანუ სამედიცინო დოკუმენტაციის და საექსპერტო დასკვნის, შესაძლებელია, რამდენიმე მოწმე არ დავკითხოთ. 30 მოწმეა სულ და ბუნებრივია, ერთ და ორ სხდომაში სასამართლო ვერ დაასრულებს, ვერ ამოწურავს, სულ მცირე ერთი თვე დაგვჭირდება. ჩვენ სასამართლოში ბოლომდე თუ არ ამოვწურეთ მტკიცებულებები, შეიძლება, სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩათვალოს. მიიჩნევს, რომ საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად და მალე დაასრულებს. შევთანხმდით იმაზე, რომ რაც არ უნდა მოთხოვნა იყოს, მალე დაასრულეთ, მალე ვერ დასრულდება, რადგან 183 გვერდზეა დასკვნა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.