გამნაღმველებმა წუხელ სოხუმის ზოგიერთი სკოლის შემოწმება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით აფხაზურ ტელეგრამის არხებში გამოჩენილ ანონიმურ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ” ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა.”
მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებდნენ. დე-ფაქტო სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრხილა, რომ „არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიფხიზლე.”
ბევრმა მშობელმა შვილები სკოლებში არ გაუშვეს.
“გეყოფათ უკვე ხალხის დაზაფრა! ნუ ამყოფებთ ხალხს შიშში! მშობლები პანიკაში არიან, ეშინიათ, რომ შვილები სკოლაში გაუშვან,”- წერს აფხაზი აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბა.
მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ დე-ფაქტო აფხაზეთის განათლების მესვეურები.
“ცენტრალურ სკოლებში მშობლები რატომღაც პანიკას თესავენ, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს. სიფხიზლე ყოველთვის უნდა იქნა შენარჩუნებული და თუ სპეციალისტები ახორციელებენ რაიმე პრევენციულ ზომებს, მაშინ, პირიქით, მათ მხარი უნდა დაუჭირონ”, – განმარტა სოხუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა.
წყარო: radiotavisupleba.ge