გაერთიანება “უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე”-ის თავმჯდომარე მიხეილ-გელა სალუაშვილმა პარლამენტს საარჩევნო სისტემაში საეპარქიო და სამრევლო საბჭოს შემოღების ინიციატივით მიმართა. სალუაშვილმა პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საეპარქიო საბჭოს წევრები იქნებიან: მღვდელმთავარნი, ოთხი სასულიერო და ორი საერო პირი.
სალუაშვილი პარლამენტის წევრთა მაჟორიტარული სისტემის არჩევის ახალი წესის ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის თანახმადაც 73 წევრიდან 34 არჩეული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ერთეულებიდან, 34 წევრი შესაბამისი ეპარქიებიდან, 5 წევრს კი, საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების მიერ წარმოდგენილ კანდიდატთაგან.
ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს უფლებამოსილება მიენიჭება ბათილად სცნოს ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ასევე, წმინდა სინოდის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილება და განკარგულება წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივ აქტს.
“მეტრონომი” აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე თავად სალუაშვილს ესაუბრა.
გელა სალუაშვილი: “ჩვენ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მივმართეთ. ამის საშუალებას პარლამენტის რეგლამენტი გვაძლევს. ეს მოხდა 2015 წლის 16 მარტს. სამწუხაროდ, დღევანდელ დღემდე ვერ მოიცალა პარლამენტმა და ახლახანს მიუღებლად მიიჩნია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. ვახტანგ ხმალაძემ ისეთი პოზიცია დააფიქსირა, თითქოს ეს წინადადება არაკონსტიტუციური იყო. როდესაც ვთხოვე დაესახელებინა კონკრეტული მუხლი კონსტიტუციიდან, ანუ რომელ მუხლთან მოდიოდა წინააღმდეგობაში, მან ყოველგვარი თავის ჭყლეტვის გარეშე, განაცხადა, რომ მისთვის ეს ისეთივე ცხადია, როგორც ორჯერ ორი ოთხი. არანაირი დასაბათუბა არ ყოფილა, მან მიიჩნია და მორჩა. არავინ არ კრძალავს ურთერთთანამშრომლობას სახელმწიფოსა და ეკლესიის. უნდა მოიძებნოს ისეთი მექანიზმი, რომ ეს ორი მხარე ჩართული იყოს მართვის პროცესში. მაგალითად, ინგლისში ლორდთა პალატაში ანგლიკანური ეკლესია 24 ეპისკოპოსით არის წარმოდგენილი. ჩვენ ვთავაზობდით, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში უნდა აირჩიონ 73 მაჟორიტარი დეპუტატი და ამ 73 მაჟორიტარული დეპუტატის განაწილების წესი არსად არ არის მითითებული. ერთადერთი ჩანაწერია კონსტიტუციაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ამ 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან 5 მათგანს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო დანარჩენი 68 აირჩევა. ჩვენ გვსურდა მოგვეძებნა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთანამშრომლობის შემდეგი მექანიზმები: ეს 68 მაჟორიტარი დეპუტატი დაიყოფოდა ორ ჯგუფად. აქედან 34-ის არჩევა მოხდებოდა დღეს არსებული სამხარეო დაყოფის პრინციებიდან გამომდინარე, ხოლო დარჩენილ 34 ადგილს , საქართველოში 34 ეპარქია გამოიყოფოდა ეკლესიის მიერ და თითოეულ ეპარქიაში მოხდებოდა ერთი მაჟორიტარის არჩევა. ეს 34 ადგილი, რომელზედაც მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ მართმადიდებლური ეკლესიისთვის იქნებოდა გამოყოფილი. დანარჩენ ხუთ მაჟორიტარს, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, ეს ხუთი დეპუტატი იქნებოდნენ საქართველოში წარმოდგენილი სხვა რელიგიის სასულიერო პირები, იმ რელიგიებისა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს”. – აცხადებს სალუაშვილი.
მისი თქმით, სასულერი პირები საკუთარი მრევლის ინტერესებს დაიცავენ პარლამენტში და ისინი ისევე წარმატებით იმუშავებენ მკვეთრად საერო საკითხებზე როგორებიცაა: ეკონომიკა, ჯანდაცვა, უშიშროება და სხვა.
სალუაშვილი სასულიერო პირთა ფასეულობებზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში მოსახლეობის ინტერესებსა და “ფასეულობებს” დაიცავენ.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მიუღებლად მიიჩნია.