იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
“დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც მდგომარეობას იმაში, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მათ შორის, ცენტრმა ემპათიამ მოამზადა დასკვნა, რომელიც არის საკმაოდ ტენდენციური. ვფიქრობ, ექიმი არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურ განცხადებებს, მითუმეტეს, ექსპერტი და დაინტერესებული უნდა იყოს მტკიცებულებების მოპოვებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეალური შეფასებით, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს ეს რეალური სურათი.
…როცა უკვე მომზადდა დასკვნა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური, მიეწოდებოდა სასამართლოს და ამაზე არავის არ უნდა ესაუბრა, თუმცა ამონარიდები სასწაულებრივი გზებით მაინც მოხვდა პოლიტიკოსების ხელში. ისინი ჯიუტად საუბრობენ სხვადასხვა სამედიცინო დიაგნოზზე, მათი მკურნალობის მეთოდზე და სურთ შექმნან სურათი, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
დღეს ჩვენ ვიხილეთ ექიმის განცხადება იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს. და გარკვეულწილად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეულია უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის. სხვაგვარად რა განკურნებაზეა საუბარი?
თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით და არა მხოლოდ გათავისუფლებით, მაშინ რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? ეს ყველაფერი აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, აქაც, ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანი ისევ მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში”, – განაცხადა ბრეგაძემ.