ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, მიხეილ სააჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის პატიმრობა უკვე რა ხანია, გასცდა სამართლებრივი სასამართლოს პრინციპებს.
– ბატონო გია, უკვე იქამდე მივიდა საქმე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ხალხიც მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ცხადია, ყველა არა, მაგრამ არაერთმა დაზარალებულმა განაცხადა ეს. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ რა შეიძლება ისეთი მოიფიქროს, რომ სააკაშვილი გადაარჩინონ სიკვდილს, თუ მართლა სასიკვდილო სჭირს რაიმე და სახეც შეინარჩუნონ, ეს ქმედება მარცხად და უკანდახევად არ აღიქვას საზოგადოებამ? მოკლედ, არც მწვადი რომ არ დაწვან და არც შამფური, ასეთი ვარიანტი არსებობს?
– საქმე იმაში გახლავთ, რომ ორ ურთიერთგამომრიცხავ ინტერპრეტაციას აქვს ადგილი. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვება, თურმე საზოგადოებაში პოლარიზაციას გამოიწვევს, რაც სრული სიყალბე და ტყუილია. დღეს ისეთი მოცემულობაა, პირიქით, საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს დაავადებული მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ციხეში. მისი გაშვების შემთხვევაში, უფრო მეტად დაშოშმინდება ჩვენი საზოგადოება.
თუნდაც ეს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი გამაღიზიანებელი ფაქტორი არ იარსებებს. აქ უკვე პოლიტიკას აღარ ეხება ეს საკითხი. ეს უკვე წმინდა ჰუმანიტარული, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შესაბამისად, თუ ხელისუფლებას უნდა საზოგადოების დაწყნარება, უნდა მიიღოს ამ ტიპის განცხადება და გაუშვას სამკურნალოდ, სადაც მის განკურნებას შეძლებენ. სააკაშვილი აღარ წარმოადგენს არც პოლიტიკურ საფრთხეს, არაფრის ამრევი და დესტაბილიზაციის დამწყები და წყარო არ არის და ვეღარც არის. ფეხზე ვერ დადისო, როგორც ამბობენ და დამოუკიდებელი ქართველი და უცხოელი ექსპერტების სამედიცინო დასკვნებიც საკმაოდ მძიმეა. სამართლებრივი აქცენტიც, მისი პატიმრობაც, უკვე რა ხანია, გასცდა სამართლებრივი სასამართლოს პრინციპებს. მას ასამართლებენ მოსამართლები, რომლებიც თავის დროზე, პირადად მისი და მისი პოლიტიკური გუნდის წევრების პოლიტიკურ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.
ამასაც თავი გავანებოთ, სააკაშვილისგან დაზარალებულების პოზიციიდან შევხედოთ. მე ვფიქრობ, მისგან დაზარალებულები, მათ შორის, პოლიტიკური ძალები, დიდი ხანია თანახმანი არიან, რომ მისი ფაქტორი მოშორდეს ქართულ პოლიტიკას და რაღაც პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას სამომავლო პოლიტიკისთვის. ვიდრე სააკაშვილი ქართულ ციხეში ზის, გზა არის დახშული და ნეგატიურ ორპოლუსიანობაში ვზივართ. დიდი ბოდიში, ყველაზე მეტად და ხმალამოღებულები ვინც იბრძვიან სააკაშვილის ციხეში დასარჩენად, მას ემსახურებოდნენ, როდესაც პრეზიდენტი იყო ან მისი რეჟიმის წინააღმდეგ ხმა არ ამიუღიათ მთელი 9 წელი, ბუჩქებში იმალებოდნენ და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვდნენ. აბა, რომლის ბრძოლა გახსენდებათ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძის, მათიკაშვილის, შალვა პაპუაშვილის, არჩილ თალაკვაძის თუ სხვების? დღეს ყველაზე მეტად ესენი ცდილობენ, სააკაშვილი ციხეში დატოვონ.
– კიდევ უნდა გავიხსენო, რომ აჩიკო თალაკვაძე სანდრა რულოვსის აისტენტი იყო, მერე „ნაცმოძრაობის“ საზაფხული ბანაკების“ პროექტში აქტიურად იყო ჩართული. ყვავილნარის ბანაკის ხელმძღვანელი იყო.
– კი, ბატონო, ვიცით ეს ფაქტები და სხვებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი წინა ხელისუფლების პროექტებში ან სახელმწიფი სტრუქტურებში მუშაობდნენ, იმ ხელისუფლებას აქებდნენ თავის დროზე და უარეს შემთხვევაში, არ აკრიტიკებდნენ, შიშისგან ჩუმად იყვნენ. მე, როგორც სააკაშვილისგან დაზარალებული, თანახმა ვარ და მეტიც, მივესალმები თუ ის ციხიდან იქნება გაშვებული. ციხიდან გაშვებული და თან საქართველოდან, ქართული პოლიტიკიდან იქნება წასული და ეს გახსნიდა პოლიტიკურ სივრცეს. ნახეთ, მისი ციხეში ყოფნა რას იწვევს – ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სხვა სახისა.
ფაქტობრივად, თითქოს ეს პრობლემები არ არსებობს, ისეთი განწყობაა შექმნილი. დილიდან საღამომდე მიშაზეა ლაპარაკი. სხვა ყველა პრობლემა გადაფარა მიშას ჯანმრთელობისა და ციხიდან გაშვების საკითხმა. როგორ შეიძლება ასე? ქვეყანა უნდა განვითარდეს, წინ უნდა წავიდეს, პრობლემები უნდა წყდებოდეს, დისკუსიები ამ პრობლების გადაჭრას უნდა ეძღვნებოდეს და არა ერთი კაცის ბედს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწყობს მხოლოდ მიშაზე რომაა ლაპარაკი. ამ პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლიათ და ურჩევნიათ, ხალხმა ისევ მიშაზე ილაპარაკოს. მე სხვა მოტივს, თუ რატომ იქცევა ასე ხელისუფლება, ვერ ვხედავ.
– პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, ეს არ იქნება საუკეთესო გამოსავალი?
– კი, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ისეთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია სწორი რაღაცები თქვას. თუმცა, ის არ არის ის ადამიანი, რომელიც სწორ რაღაცებს გაკეთებს. ზურაბიშვილი კრიტიკული რიტორიკის ფარგლებიდან არ გადის. ჯერ არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც ამ ხელისუფლებას არ მოეწონებოდა. კრიტიკით, კი ბატონო, ხშირად აკრიტიკებს.
ვფიქრობ, ზურაბიშვილი ამით დასავლეთთან კეკლუცობს, დასავლეთს ეპრანჭება. საფუძველიც, შესაბამისად, არ არსებობს, რომ ვიფიქროთ, რაიმე ასეთს გააკეთებს. ზურაბიშვილი ახლა სასამართლოს მოუწოდებს ღირსეული გადაწყვეტილებისკენ. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ზურაბიშვილი თვლის, რომ სასამართლოს გზით სააკაშვილის ციხიდან გაშვება ღირსეული იქნება, მაშინ ლევან მურუსიძის ღირსებაზე რატომ ჰკიდებს ამ საკითხს? თვითონ ხომ აქვს ღირსება პრეზიდენტს, თვითონ რატომ არ ღებულობს ამ ღირსეულ გადაწყვეტილებას და რატომ არ იწყალებს სააკაშვილს?
წყარო: ალია