“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა და ოპონენტები სპეკულაციაში დაადანაშაულა. ამ თემაზე მან “იმედის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანებს, ვინც სამძიმარს გამოთქვამენ და ამისკენ ხელისუფლებასაც მოუწოდებენ, წინ ისევ ომის თემის წამოწევა სურთ.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების სამძიმარს, ვოლსკის თქმით, ოცნების წარმომადგენლებს საჯარო მწუხარების გამოხატვაში “სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციები ბოჭავს”.
“ამ გლოვის ფონზე ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებენ ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მეც პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, მბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. მე ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი სინანული და გლოვა არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის გამოყენება, ამ პოლიტიკური რაკურსით ომის თემის ახლიდან წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება”, – თქვა გია ვოლსკიმ.
5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.