დათანხმდება თუ არა სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შუამდგომლობას – ვიდრე პროცესი ჩაინიშნება, უფლებადამცველები, ექიმებზე დაყრდნობით, რეკომენდაციებსა და დასკვნებზე მუშაობენ.
პროცესით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც, რომელმაც დღეს ყოფილი პრეზიდეენტი ექიმების ჯგუფთან ერთად მოინახულა. ამ ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ ნევროლოგი, თერაპევტი კარდიოლოგი და ჰემატოლოგი. მათი შეფასებით, წინა ვიზიტთან შედარებით, დღეს სიტუაცია გაუარესებული დახვდათ.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დღეს შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რათა სახალხო დამცველმა შეძლოს სასამართლოში პოზიციის წარდგენა.
“სასამართლოში არის წარდგენილი შუამდგომლობა მისი დროებით სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე, თუ სასჯელის გადავადებაზე და სახალხო დამცველი ამ პროცესში განიხილავს ინტერვენციას. იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ, საჭიროდ ჩავთვალე, მოვსულიყავი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.