ახალი ამბები უკრაინის ომი

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები ცხედრების მოლოდინში – მებრძოლების ახლობლების ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

ორივე შვილი ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა, ერთი, მხოლოდ 16 წლის, აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე – როლანდ კვარაცხელია კი რუსულმა აგრესიამ გუშინ წაართვა. მამას, რომელიც ახლა ცხედრის გადმოსვენებას ელოდება, საუბარი უჭირს.

როლანდ კვარაცხელია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ბახმუტთან ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. როლანდი და მასთან ერთად კიდევ 4 ქართველი, სავარაუდოდ, საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ და დაიღუპნენ.

როლანდ კვარაცხელიასთან ერთად, ოკუპანტებთან ომს ემსხვერპლა რომეო ფიჩხაიაც. მებრძოლი, რომელიც ასევე იბრძოდა აფხაზეთის ომში. სამეგრელოში, მის მშობლიურ მხარეში, რომეო ფიჩხაიას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს ემოციების შეკავება უჭირთ, ახლა მათთვის უმნიშვნელოვანესია, გარდაცვლილის ცხედარი სამშობლოში მალე გადმოასვენონ. ოჯახის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

5 დაღუპულ მებრძოლს შორისაა ბადრი მარკელიაც. ზესტაფონში, სადაც ის, ოჯახთან ერთად დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, კამერებთან საუბარი მძიმე ემოციური ფონის გამო არ სურთ.

ოკუპანტებთან ბრძოლას გუშინ შეეწირნენ მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუაც. ამ დროის მონაცემებით, უკრაინაში ომს 30ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილების ოჯახს სამძიმარი უკვე გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სტატუსი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

წყარო: მთავარი არხი

იტვირთბა....