„მაინც იქნა აღებული კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით სისხლის ანალიზი“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან „ვივამედში“ მისულმა გამომძიებელმა სააკაშვილს ნიმუშები სისხლიდან და შარდიდან აუღო.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ნიმუშები არასწორად აუღეს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღებულ იქნა საექსპერტო ნიმუშები. აიღეს სისხლის და შარდის ანალიზი. გაეროს და ჯანმოს პროტოკოლებით, სისხლით და შარდით ხერხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები.
ამერიკელმა ექსპერტმა ამაზე სათანადო დასკვნა გასცა. ახლა ამის საწინააღმდეგო არგუმენტად, იმისთვის, რომ პიარი ატყდეს, პიარის ელემენტებს შეიცავს და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მაინც იქნა აღებული კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით სისხლის ანალიზი.
როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას ფაქტობრივად არაფრისმთქმელი დოკუმენტი, რომ სააკაშვილის სისხლში არ აღმოჩნდეს მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს გამოძიება. წინასწარ ვიცი რა იქნება პასუხი. ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება და ჩვენ ამაზე სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.