ახალი ამბები მსოფლიო

ევროკავშირი ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდა

რამდენიმეთვიანი მსჯელობის შედეგად, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ზედა ზღვარზე შეთანხმდა – 1 ბარელი რუსული ნავთობი 60 დოლარი იქნება. ფასის განსაზღვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნებმა პოლონეთის მხარდაჭერაც მოიპოვეს და იმავე დღეს პოლიტიკური შეთანხმება გააფორმეს.

ქვეყნები ფიქსირებული ფასის ძალაში შესვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლოა 5 დეკემბერს მოხდეს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, ფასის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად კოალიციამ დაწესებულ ზღვარს სამომავლოდ გადახედოს.

გასულ კვირას დიდმა შვიდეულმა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს, ბარელზე 65-70 დოლარს განიხილავდა. პოლონეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა უარი თქვეს ამ ფასზე ვინაიდან, მათი აზრით ეს ვერ უზრუნველყოფდა მთავარი მიზნის – მოსკოვისთვის უკრაინაში ომისთვის საჭირო ფინანსების წყაროს შეწყვეტას.

დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საუბარი გასულ თვეებში დაიწყო. დიდი შვიდეულის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ფასების ლიმიტის დაწესება შეამსუბუქებს ზეწოლას ენერგეტიკულ ბაზარზე და შეამცირებს რუსეთის მთლიან შემოსავალს ნედლი ნავთობიდან.

წარდგენილი ზღვრის მიზანია, გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალოთ რუსული ნედლი ნავთობის გადატანა მთელს მსოფლიოში, თუ ის არ გაიყიდება G7-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დადგენილზე ნაკლებ ფასად

იტვირთბა....