ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის.

მისი განცხადებით, ეს ამოცანა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას ითვალისწინებს და პრიორიტეტად ადგენს შერიგებასა და ნდობის აღდგენას “ხელოვნურად დაყოფილ საზოგადოებებს შორის”.

“კოლეგებო, ჩვენ არაერთხელ, სხვადასხვა დროს განვაცხადეთ, რომ საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის. ერთის მხრივ, ეს ამოცანა ითვალისწინებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და მეორე მხრივ, პრიორიტეტად ადგენს შერიგებასა და ნდობის აღდგენას ხელოვნურად დაყოფილ საზოგადოებებს შორის.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ერთადერთი ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება და პროგრესი ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხზე.

ჩვენ მადლობას ვუხდით ეუთო-ს გენერალურ მდივანს და თავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართულობისთვის, თანათავმჯდომარეების მონაწილეობით.

გადამწყვეტი ნაბიჯები და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა აუცილებელია, რათა რუსეთს შევასრულებინოთ საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ისევე, როგორც აიძულო რუსეთი, დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას” – თქვა დარჩიაშვილმა.

იტვირთბა....