რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ძველი ურთიერთობები არ აღდგება. ამის შესახებ მან ევროპის უსაფრთხოების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი დასავლელი მეზობლები, ყოფილი პარტნიორები დაინტერესდებიან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით, ეს არ გამოვა. აღდგენა ნიშნავს ძველი ურთიერთობების განახლებას, ეს კი ვერ მოხდება. როდესაც დასავლეთი მიხვდება, რომ სჯობს თანაარსებობა შეთანხმებების საფუძველზე, მოსკოვი ამ წინადადებას მოუსმენს“, – თქვა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ და ნატო უშუალოდ არიან ჩართულნი უკრაინის კონფლიქტში.
ლავროვის თქმით, ისინი უკრაინას არა მხოლოდ აწვდიან იარაღს, არამედ ამზადებენ სამხედრო პერსონალს კიევისთვის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში.