პეტრ მიკისკის თქმით, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია”. იგი დარწმუნებულია, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში გააქვთ.
“ამ წლის დასაწყისიდან, ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა… ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის, – განაცხადა ელჩმა “ნეტგაზეთის” ცნობით. ”
ამის შემდეგ ელჩმა მიკისკამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით არ გარკვეულა, „ეს პროდუქტები მართლა ჩრდილოეთით წავიდა თუ არა“.
„თუ ეს არის საწარმოო საშუალებები, ეკონომიკა ისე არ იზრდება, რომ შთანთქას ჩეხეთიდან ასეთი ექსპორტი. თუკი ეს არის სამომხმარებლო საქონელი, აქაც იგივეა – მომხმარებლებში არ გაზრდილა ჩეხური პროდუქტების სიყვარული. ასე რომ, ეს [ზრდა] სადღაც უნდა მიდიოდეს. ჩვენ გვსურს, გავიგოთ [სად], მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოვნახეთ გზა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ასახული იყოს სტატისტიკაში“, – განაცხადა ელჩმა.
განცხადება ელჩმა გუშინ, 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი რუსეთისა” და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა.
ირკვევა, რომ მხოლოდ წელს, ექსპორტში ყველაზე დიდი წილი აქვს: სატელეფონო აპარატებს და ტურბო რეაქტიულ და ტურბო ხრახნიან, ასევე აირის ტურბინების ძრავებს.
საქსტატის მონაცემებით, ამ ძრავების იმპორტი ჩეხეთიდან რადიკალურად არის გაზრდილი.