ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო უფრო მნიშვნელოვანი გახდა პარტნიორობა. მან ასევე საუბრისას უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დააანონსა.
“რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ არ დაგვავიწყა სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, აგრესიისა და დაშინების წინაშე არიან. მეტიც, ამ ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი პარტნიორობა. სწორედ ამიტომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტის შეხვედრაზე შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, ასევე საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ქვეყნების მედეგობისთვის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ თავდაცვა. თუ ისინი არიან მეტად დაცულები, ჩვენ ვიქნებით მეტად უსაფრთხოდ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.