ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ აშშ-დან მიღებულმა ექსპერტიზის პასუხმა აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდა. მისი თქმით, აუცილებელია სააკაშვილის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანა.
“ექსპერტთა კომისია მივიდა დასკვნამდე და ჩვენ დასკვნაში უკვე წერია, რომ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ინტოქსიკაციასთან, ანუ მომწამვლელი ნივთიერებებით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე მრავალი ორგანოთა სისტემის მიმართულებით, ეს არის ნეიროინტოქსიკაცია, თუ სხვა ზოგადი ინტოქსიკაცია, რომელიც იწვევს სხვადასხვა დაავადების იმიტაციას. შესაბამისად, სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოების მიზნით ის დაუყოვნებლივ გაყვანას საჭიროებს გერმანიაში, “შარიტეს“ კლინიკაში, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან სწრაფად დადგეს ლეტალობის შედეგი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.