23 ნოემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი შეტევის შემდეგ, დედაქალაქ კიევის 70%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 24 ნოემბრის მდგომარეობით, ენერგეტიკოსები ყველა შესაძლო გზებით ცდილობენ დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურის შეკეთებას. ენერგოსისტემაში ბალანსის აღდგენის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. რუსეთი ბოლო რამდენიმე კვირაა, ენერგოობიექტებს მიზანმიმართულად ბომბავს.
ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო შეზღუდულია კიევის წყლით მომარაგებაც, თუმცა სპეციალისტებმა შეძლეს წყლის მიწოდების აღდგენა კიევის მარცხენა სანაპიროსთვის. კლიჩკო იმედოვნებს, რომ წყალს მარჯვენა სანაპიროს დღის მეორე ნახევრისთვის მაინც მიაწვდიან.
ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმა უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის, რადგან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ყინვაა. რუსეთმა, კიევის გარდა, 23 ნოემბერს სხვა არაერთი დიდი ქალაქიც დაბომბა, რასაც, ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ნგრევის გარდა, მსხვერპლიც მოჰყვა.