რუსთავში სკვერში გარდაცვლილ 85 წლის მამაკაცზე ახალი დეტალები ვრცელდება. საინფორმაციო სააგენტოს, “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მამაკაცი მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და პარკს ალაგებდა. როდესაც სამსახურიდან სახლში არ დაბრუნდა, სკვერში შვილმა მიაკითხა და სასაწყობე ოთახში გარდაცვლილი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა.
“სამსახურში ვიმყოფებოდი, როცა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილი მოვიდა და მითხრა, მამაჩემი სახლში არ მოსულაო და ხომ არ გინახიათო. დილას მე არ მინახია, მაგრამ სხვებს უნახავთ. მე შვილს ვუთხარი, წამოდი მის ოთახს განახებთქო, შესაძლოა ჩაეძინათქო.
მე და მისი შვილი რომ მივედით, შემთხვევით გასაღებით კარი გავაღე, დაემთხვა გასაღები. გავაღეთ და უცბად ვნახეთ ჩაკეცილი მკვდარი იყო ჩვენს წინ”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მომხდარზე გამოძიება, სავარაუდოდ, სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, 22 ნოემბერს რუსთავში, ლეონიძის პარკში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.