ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას – ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპაში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. მისივე თქმით, ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკა ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ახალ გარემოსთან ადაპტაციისათვის სათანადო ცვლილებებია საჭირო.

სამხედრო მობილობის გეგმა ითვალისწინებს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს შორის სამხედრო ტექნიკის იოლად და სწრაფად ტრანსპორტირებისა და სამხედრო ძალების გადაადგილების შესაძლებლობების გაზრდას.

„ეს მოითხოვს ხიდების, გვირაბების და გზების მოწყობას, ასევე მატარებლებს, რომლებსაც შეეძლებათ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების ტრანსპორტირება. ჩვენმა მხარდაჭერამ უკრაინისადმი გვაჩვენა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელის თქმით, ასევე აუცილებელია კიბერთავდაცვის გეგმის მიღება, რადგან რუსეთის აგრესიას თან ახლავს კიბერთავდასხმები, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მათი სამიზნე ევროკავშირის ქვეყნები არიან.

„ჩვენ გვჭირდება ხარვეზების აღმოფხვრა კიბერთავდაცვაში. გვჭირდება ტრენინგები, განათლება და წვრთნების ჩატარება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ახალ ბრძოლის ველზე იმუშავებს. ცხადია, უნდა გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მსგავს ომებში მონაწილეობისთვის მზად იქნებიან. ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად. მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, და ველოდებით წინ წაწევას სხვებთან თანამშრომლობაში, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ალბანეთი ზარალდება კიბერთავდასხმებისგან“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....