ნიკა მელიას მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მელიას ინიციატივას მიესალმება.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ფორმაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და სჭირდება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.
„მივესალმებით პარტიის თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ის დათანხმდა ჩვენს ინიციატივას დაინიშნოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები და ასევე შიდაპარტიული არჩევნები.
ამასთანავე, მინდა გითხრათ რომ ჩვენს ამ ინიციატივას პარლამენტის 10 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 4 დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან 77 დეპუტატი და ახლა ყველა ეს ადამიანი ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერთან ერთად ველოდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს არჩევნები და რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი.
ეს მხარდამჭერები რაც ჩამოვთვალე არის მხოლოდ ერთი დღის მონაცემი, ეს რაოდენობა საათობრივად იზრდება და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. იმიტომ რომ ამ ინიციატივას ემხრობა ძალიან ბევრი ადამიანი და დღითი დღე გაიზრდება.
ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს „ნაციონალური მოძრაობა“ , იმიტომ რომ ფორმაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და სჭირდება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას“, – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.