საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტების კითხვას, თუ საიდან აქვს თავჯდომარეობის კანდიდატებზე ინფორმაცია “ქართულ ოცნებას” უპასუხა, რომ ცისკარიშვილის და ხაბეიშვილის მცდელობა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწირული – არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ, რა ხდება.
როგორც მათიკაშვილმა თქვა, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა პოლიტიკურ სპექტრს გააჯანსაღებს.
„იმდენად აშკარაა “ნაციონალური მოძრაობის” რღვევის შედეგად წამოსული იმპულსი, იმდენად კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის, რომ არანაირ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ არ არის საჭირო, საზოგადოებისთვის ეს კარგად არის ცნობილი. რღვევა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია” დაწყებული მიდის ცალკეულ ოდიოზურ პიროვნებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე. ცისკარიშვილის და ხაბეიშვილის მცდელობა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწორული. არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ რა ხდება იქ სადაც მიდის უსერიოზულესი ბრძოლა, რადგან სახელმწიფოს მტრულად განწყობილი შიგთავსი ვერ გასტანს დიდხანს და ეს ყველაფერი წაილეკება საკუთარივე გადაწყვეტილებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი,”- თქვა დავით მათიკაშვილმა.