ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ, განაცხადა, რომ საქმეში არსებობს მაღალი ხარისხის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნაკაიძემ დანაშაული ჩაიდინა.
როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა, შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
გიორგი ნადირაძის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო.
„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია, რომელმაც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ამ ეპატზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმეზე არსებობს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ყველა საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დაზარალებულს დაზიანებები აქვს. საქმის ინტრესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით აღნიშნული დაზიანების ხარისხს და გიდასტურებთ, რომ დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც გაუპატიურებას ეხება, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა და ამ ნაწილშიც დევნა შეწყვეტილი არ არის”, – განაცხადა გიორგი ნადირაძემ.
პროკურატურამ ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.