“გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია, “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებებით, დიდი ალბათობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის უკან დავით კეზერაშვილი დგას. ხვიჩიას თქმით, ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების” უკან, „ქართული ოცნების” სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა, ამიტომ, ვისაც რა უნდა დააბრალოს “ქართულმა ოცნებამ”, პირველი ბრალდებული არის თვითონ ამ ყველაფერში.
“მე არ ვიცი კეზერაშვილამდე რა მიდის და არა, არ მინდა ვინმეს ცილი დავწამო ისეთ საქმეზე, რაც მე არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ასეთი ტიპის სისტემური, ორგანიზებული ჯგუფები, როგორიც იყო “ქოლ-ცენტრები”, “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმების ან მათი ფარული კურთხევის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა, გინდა კეზერაშვილი იყოს მისი მესაკუთრე და ვინც გინდა. ვინც არ უნდა იდგეს “ქოლ- ცენტრების” უკან, “ქართული ოცნების” სათანადო კურთხევის და მხარდაჭერის გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა, ამიტომ ვისაც რა უნდა დააბრალოს “ქართულმა ოცნებამ”, პირველი ბრალდებული არის თვითონ ამ ყველაფერში. თავად შოულობდა ფულს ამით თუ თვალს ხუჭავდა, რომ სხვას ეშოვა ფული, რათა მერე, როცა თვითონ დასჭირდებოდა, მაშინ წამოეძახებინა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტიპის სქემები ამდენი ადამიანის მონაწილეობით, ამდენი დასაქმებულის და დამსაქმებლების ურთიერთობა ვერ იმუშავებდა ქვეყანაში “ქართული ოცნების” სათანადო კურთხევის გარეშე,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.