ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ეს არის პუტინის დასასრულის დასაწყისი – ბატიაშვილი ხერსონიდან ოკუპანტების გაყვანაზე

ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა რუსული ძალების მიერ ხერსონის დატოვებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, “ხერსონის დათმობა რუსეთის მხრიდან პუტინის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია – ეს ნაბიჯი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია”.

ბატიაშვილის თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რუსეთში არსებული სიტუაცია პირველი ომის დროინდელ პოლიტიკურ კრახს ემსგავსება.

„რეალურად, ვხედავთ იმას, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი – უკრაინულმა მხარემ შეძლო და დისტანციურ ბრძოლაზე გამოფიტა რუსული სამხედრო ნაწილები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. რუსულმა მხარემ, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებში უფრო მეტი მსხვერპლი აეცილებინა, იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. ეს ნაბიჯი რუსეთს ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკურად მტკივნეული ნაბიჯია. დავინახეთ, რომ სამხედროებზე ბრალეულობის გადატანის მცდელობაა. პუტინი საინფორმაციო სივრცეში არც გამოჩენილა, რადგან არ სურს წაგებასთან და დამარცხებასთან ასოცირდებოდეს, თუმცა იგი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობა მზადაა აიტანოს გაჭირვება, ახლობლების სიკვდილი, შიმშილი და ა.შ. მაგრამ ამისთვის ჯილდოდ გამარჯვება მიიღოს. ამ შემთხვევაში არც გამარჯვებაა და ამასთან, თან ახლავს დიდი მსხვერპლი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებში. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სიტუაცია რუსეთში პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილ სიტუაციას ემსგავსება, რაც ვიცით, როგორ დასრულდა – პოლიტიკურ კრახში გადაიზარდა“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილის გამოეხმაურა მარია ზახაროვას განცხადებას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე და თქვა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით დიალოგის დაწყების ნაკლები შანსი არსებობს.

„უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების დათმობას. მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ან იმ პირობებზე, რომელსაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა და რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის შენარჩუნებას გულისხმობდა, რასაც არც უკრაინა და არც დასავლეთი არ დათანხმდება; ან მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს უკრაინის პირობებზე უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის თაობაზე, მაგრამ რუსეთი ამის შესრულებას განიხილავს როგორც საკუთარ მარცხს და ამის გაკეთებას არ აპირებს. ამიტომ ნაკლები შანსია რაიმე მოლაპარაკების. ვხედავთ, რომ ამ ომში ძირითადად ბრძოლის ველზე წყდება ხოლმე ესა თუ ის საკითხი. ამ ტრაექტორიით მიდის ახლაც – ხერსონის ბედი გადაწყდა ბრძოლის ველზე და არა მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

იტვირთბა....