„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი IRI – ის ახალგამოქვეყნებულ კვლევას აფასებს. მისი თქმით, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ჯამში უფრო მეტია, ვიდრე “ქართული ოცნების” . მინაშვილი აღნიშნავს, 51%-ს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურს, რაც, მისი აზრით, იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ნათლად ხედავენ, საით მიჰყავს ქვეყანა ახლანდელ მთავრობას.
„51% – პირველად არის ასეთი მაღალი. ანუ, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები დღითიდღე უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ მმართველ ძალას ქვეყანა კატასტროფამდე მიჰყავს, მმართველი ძალა არის ის ძალა, რომელიც არ დგას ევროპულ და დასავლურ გზაზე, არამედ ქვეყანას რუსული ჭაობისაკენ მიათრევს.
ამიტომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან მკაფიო პოზიცია და სურვილი გაჩნდა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილება უნდა განხორციელდეს. თქვენ ხედავთ, რომ პროდასავლური ოპოზიციის, ანუ იმ პარტიების რეიტინგების ჯამი, რომლებიც ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ დასავლურ პოზიციას და იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს და გახდეს ევროკავშირის წევრი, უფრო მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას?
გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
34% – ცალსახად მხარს უჭერს
34%- ცალსახად ეწინააღმდეგება
18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს
8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება
6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.