ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე აცხადებს, რომ პროკურატურის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მკაცრი იქნება. თუმცა, მისი განცხადებით, რა ეტაპზეა გამოძიება ამ დროისთვის, მას ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. წინასწარი ინფორმაციით ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს. კერძოდ, ღურწკაია მედიით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას ცდილობდა. გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქციაში გელა ღურწკაია მივიდა და წინასწარ დაანონსა, რომ ეკა ბესელიასა და პოლიტპატიმრების შესახებ, ჟურნალისტებისათვის საინტერესო მასალები ჰქონდა. გაზეთის რედაქტორის ნანა თვალაბეიშვილის მიერ მეხსიერების ბარათის შემოწმების შემდეგ კი მასზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოჩნდა.