ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო” – ცაგარეიშვილი ოპოზიციის პრაიმერისზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ნაწილის ინიციატივაზე პრაიმერისის შესახებ. მისი თქმით, საქართველო ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას რელსებზე არ გადაეწყობა, რაც არ უნდა იაროს ამ ხალხმა ევროკავშირსა და აშშ-ში.

“ამ ადამიანს არაფერი გამოუვა, უნდა შარვალჩახდილმა ირბინოს, უნდა სანტიმეტრით ხელში, რაც უნდა ის აკეთოს, რადგან არასწორი ადამიანი და არასწორი პოლიტიკოსია, არასწორად ოპონირებს, არასწორ ნაბიჯებს დგამს, ამიტომ აქედან არაფერი გამოვა! ქვეყანაში არ მეგულება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მასა, რომელიც მას ამ ბრძოლაში გაჰყვება და დაამხობს საქართველოს ხელისუფლებას. მის გასაგონად და სხვების გასაგონად ვამბობ, უნდა მივეჩვიოთ, რომ ქვეყანაში არჩევნები იმართება 4 წელში ერთხელ და იქ უნდა მიიღონ მონაწილეობა. როგორც კი ეს ადამიანები მარცხდებიან, გადადიან ყირაზე, ჯაფარიძე და სხვები, დარბიან ევროპაში და იქიდან „ჩალიჩობენ“, რომ როგორმე შეცვალონ პოლიტიკური წესები და დღის წესრიგი. მახსოვს, ეს ადამიანი ვაშაძესთან ერთად ცხელი შემოდგომით გვემუქრებოდა, დღეს არის 4 ნოემბერი და შემოდგომის დასასრულამდე უნდა შევახსენო, რომ 26 კალენდარული დღე დარჩა, დაველოდებით ამ ცხელ შემოდგომას, ასე მწიფდება „ცხელ თავებში ცხელი შემოდგომა“ და შემდეგ ჩამოიშლება ხოლმე… შემდეგ მოდის არჩევნები და ამ არჩევნებს აგებენ, იმიტომ აგებენ, რომ არასწორ და მიუღებელ პოლიტიკურ დღის წესრიგს სთავაზობენ ქვეყანას, არ გადაეწყობა ჯაფარიძე-ვაშაძე- ხოშტარიას რელსებზე ეს ქვეყანა, რაც არ უნდა იარონ ევროკავშირში, აშშ- ში და სხვაგან. იქ არ კეთდება ქართული საქმე, ქართული საქმე კეთდება აქ, ამ ქვეყნის ქალაქებსა და სოფელებში, აქ კეთდება და არა ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზში, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, აქ უნდა გაკეთდეს ქართული საქმე, სხვაგან ვერ გაკეთდება და ეს ვერ გაიგეს, „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ დარბოდაო”,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

იტვირთბა....