ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი გონიერი ადამიანია, მესმის, რატომაც დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ნონა მამულაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ დატოვებას გამოეხმაურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენმ კრიზისშია.

„ნონა გონიერი ადამიანია და შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობაში“ არსებობს და ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტის რაღაცნაირად გაჭიანურებას, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულიად გასაგები და ბუნებრივია“ , – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩის“ თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლასა და, ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე.

„ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, ჩვენ თუ 2022 წელს ყველანი ახალი განწყობით დავიწყებდით, განახლებული პოლიტიკური სპექტრით და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანით. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ევროპელებსაც შესაძლოა, გაეგოთ ის შეყოვნება, რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვართ. ამიტომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ განახლდეს ქართული პოლიტიკური კონტექსტი და რაღაცნაირად გამოვიდეთ იმ კონტექსტიდან, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლას უკავშირდება. ბრძოლის შეწყვეტის ბევრი ფორმა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ფორმა არის ის, რომ უბრალოდ ბრძოლას ცალმხრივად წყვეტ, ამბობ, რომ ეს უნდა მორჩეს და ახლა ჩვენ ქვეყნის გამთლიანების გზისკენ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

იტვირთბა....