სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმის განაჩენს დღეს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, რომ კონკრეტული მოლოდინები არ აქვს და არ იცის როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამარათლო.მისი თქმით,თუ მოსამართლეები სინდისს მოუსმენენ, მაშინ ნიკა გვარამია აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ.
“ძალიან მნიშვნელოვანი დილაა, არა მხოლოდ ჩემთვის და ნიკასთვის, არამედ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის. განვმეორდები და ვიტყვი, რომ მოლოდინი კონკრეტულად არაფრის მაქვს. ველოდები ყველაფერს და ასევე, ველოდები არაფერს. მაინტერესებს ისტორიის რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები. თუ ისინი, როგორც ნიკამ ურჩია, თავის სინდისს მოუსმენენ, დღეს ნიკა უნდა გაათავისუფლონ. ნიკამ აღნიშნა, რომ ის თავისუფლებას კი არ ეძებს, არამედ სამართალს და ეს სამართალი არის ის სამართალი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად წაგვიყვანს დასავლეთისკენ. ამიტომ ვიტყვი, რომ მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე,” – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.