ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს სასამართლო სისტემამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა – დეგნანი

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, ის რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ამ სამუშაოს გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩს დაუსვეს შეკითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსამართლეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტები გააკრიტიკა.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი ბევრ მოსამართლეს, ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის რეგიონებში. მე ყველა მათგანისგან მოვისმინე აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, სასწავლო ვიზიტების, ტრენინგების შესახებ. ჩვენ საქართველოში ჩამოგვყავს ამერიკელი მოსამართლეები, რათა აქ მოსამართლეებს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა. ის, რაც მე მათგან მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ კიდევ მეტი ასეთი შესაძლებლობა იყოს, მეტი სასწავლო ვიზიტი, მეტი ტრენინგი, რადგან ძალიან ღირებულია, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მოსაზრებებს“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს, გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში მუშაობა.

„ჩვენი შთაბეჭდილება არის, რომ ეს ტრენინგები და გამოცდილების გაზიარება ძალიან კარგად არის მიღებული, ხელს უწყობს საქართველოს სასამართლო სისტემის მოდერნიზების ძალისხმევას და ეს არის ის, რასაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და მუშაობის თვალსაზრისით, ის რაც ახლა უნდა გაკეთდეს, ამ სამუშაოს გაგრძელებაა. ეს ნათელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პრიორიტეტისგანაც. ეს იგივე სამუშაო, რაც საქართველოს დღის წესრიგში გარკვეული დროა არსებობს. აშშ არის ამაყი იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს მათ ძალისხმევაში გააძლიერონ სასამართლო დარბაზებში მუშაობა და ეფექტურობა და კანონის აღსრულების უნარი მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ჩარევის გარეშე“, -აღნიშნა ელჩმა.

იტვირთბა....