ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის დატოვებით ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას საგრძნობლად გაიფუჭებს – სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ოპოზიციის ერთიანი სიის შექმნის იდეას გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოება ოპოზიციისგან ელოდება ისეთ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ და ლელო სწორედ ამაზე აპირებს მუშაობას.

„ლელოს“ დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნება“ და არც “ნაციონალური მოძრაობა”. „ლელო“ გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს”, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის გამოთქმულ მოსაზრებას, ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით.

“ძალიან მცდარია ყველას მოსაზრება, რომ ოპოზიცია აქ ზის “ქართულ ოცნებასთან” ერთად. ოპოზიცია აქ წარმოადგენს ამომრჩეველს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მის მიერ არჩეული დეპუტაცია პარლამენტში უნდა საქმიანობდეს. ყველას ვურჩევ, გაეცნოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას და ნახოს, რომ გამოკითხულთა, ანუ ქართველი ამომრჩველის მხოლოდ 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება არის მიზანშეწონილი. 97 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტის საქმიანობა მნიშვნელოვანია. ამ წუთას, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, გაუგებარია, რა შედეგს მოიტანს პარლამენტის დატოვება, მომავალში რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახავთ როგორ განვითარდება და რა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან პარტიებმა, მაგრამ ყველა ვინც მოუწოდებს, რომ დატოვონ პარტიებმა პარლამენტი უნდა ახსნას, რა შედეგები მოჰყვება ამას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამას მოჰყვება დასავლელ პარტნიორებთან ოპოზიციის ურთიერთობების საგრძნობი გაუარესება,”- აღნიშნა სამადაშვილმა.

იტვირთბა....