უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, განაცხადა.
მისი ინფორმაციით, უკრაინელ დიპლომატებს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში აქვთ. ასევე, სამინისტრომ ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და NATO-ს კრიზისზე რეაგირების ცენტრის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნებიც განაახლა. გარდა ამისა, დიპლომატები უშუალოდ ელექტროტექნიკის მწარმოებლებთანაც მუშაობენ, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, შვედეთში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.
“ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობისა და კომპანიისგან, ესენი არიან: ისრაელი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი.
მთლიანობაში, 954 ერთეულ ელექტროტექნიკაზე ვსაუბრობთ. დახმარების პირველი ნაწილი უკვე უკრაინაშია, დანარჩენს უახლოეს მომავალში მივიღებთ. რუსულ ტერორს არ მივცემთ ჩვენი გატეხვის უფლებას… მადლიერი ვართ ყველა პარტნიორისა და კომპანიის, რომელიც ჩვენს გადაუდებელ საჭიროებასა და მოთხოვნას გამოეხმაურა”, – თქვა კულებამ.