საქართველოს პარლამენტში გრძელდება სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა. დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წინაშე რამდენიმე მათგანი წარსდგა,მათ შორის, ალექსანდრე კობაიძე.
კობაიძემ „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვაზე – არის თუ არა ადამიანი თავისი სხეულის მესაკუთრე? – ასე უპასუხა:
„ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი, ეგ შემიძლია ვთქვა. სამართლებრივად როდესაც აფასებთ, რომ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება თავის სხეულზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უტრირება და არაფერ კავშირში არ არის სამართალთან.
ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, არამატერიალური სიკეთის დაცვა — ამ შემთხვევაში სხეული რომელია? საკანონმდებლო ორგანოში ასეთი რამე დარეგულირებული არ არის, სამართლებრივად თუ მეკითხებით. სამოქალაქო ურთიერთობებში ვერ იქნება სხეული განცალკევებულად ნივთი.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ რომ ხელი მოიჭრათ ან ფეხი და კანონიერად თუ უკანონოდ ეს ნივთი გაასხვისოთ. თქვენ ხომ იძახით, რომ თქვენი ნივთია, კანონიერად ეს როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ გვერდით მსხდომს სთხოვოთ, რომ ერთი ხელი მომეცით, თუ შეიძლება და შემდეგ დაგიბრუნებთ. ამიტომ ეს არის უტრირება“ .