მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემაზე ისაუბრა. აღნიშნული სქემა გულისხმობს საქართველოს მთავრობის მიერ აუქციონის წესით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
„მოგეხსენებათ, მითუმეტეს ომმა, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, გამოაჩინა კიდევ ერთი სირთულე, რაც სახელმწიფოებს აქვთ, ეს არის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურს მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება სჭირდება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ბოლო რამდენიმე თვე ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც, ეს სქემა, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეთანხმებულია და გავლილი და მას რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა.
მოგეხსენებათ, ბოლო წლები ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა შეჩერებული იყო, ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მეგავატამდე ჰესებზეა გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგმა დაიწყო მშენებლობა, ეს კონტრაქტი გაფორმებული არ არის.
მეორე საკითხია ის, რომ ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, ზოგადად ინვესტორებს მეტი სიცხადე სჭირდებოდათ, ამიტომ ახალი სქემა შემდეგია: სახელმწიფოს მხრიდან, ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში, ფასთაშორის სხვაობის ე.წ „სიეფდი“ ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ინვესტორებს შევთავაზებთ. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის 800 მეგავატი, რაც მე ვთქვი და დიდი პროექტები. ჯამურად, 1500 მეგავატის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით, ამას დაემატება 800 მეგავატის პროექტები და სხვა მსხვილი პროექტები. იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება განხორციელებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.